აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში

1912 წლის ქართული ფილმი

ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე 1912 წელს, შემოკლებით „აკაკის მოგზაურობა“ — 1912 წლის ფილმი, გადაღებული რეჟისორ ვასილ ამაშუკელის მიერ. იყო პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი.

„აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“

ნაწყვეტი ფილმიდან
დამდგმელი რეჟისორი ვასილ ამაშუკელი
სცენარის ავტორი ვასილ ამაშუკელი
ოპერატორი ვასილ ამაშუკელი
მონტაჟი ვასილ ამაშუკელი
გამოსვლის თარიღი 20 სექტემბერი, 1912
ხანგრძლივობა 44 წთ
ქვეყანა რუსეთის იმპერია
ენა მუნჯი

გადაღება რედაქტირება

 
ოსკარ შმერლინგის კარიკატურა

ფილმის გადაღების ინიციატივა ეკუთვნოდათ პედაგოგ სამსონ დათეშიძეს და ჟურნალისტ ლადო ბზვანელს. მათ ამ ინიციატივით ტიხონ ასათიანს, რომელიც ქუთაისის კინოთეატრის ერთ-ერთი მფლობელი იყო, 1912 წლის ივლისში მიმართეს, მოგზაურობის დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე. ასათიანმა გამომიძახა და მკითხა - ვიკისრებ თუ არა ასეთ საპასუხისმგებლო საქმის ხელის მოკიდებას. მე სიხარულით დავთანხმდი, გავიფიქრე: „რა ბედნიერება მეწვია ჩვენს საქართველოში გადავიღებ ისეთ სურათს, სადაც ჩვენი დიდი მგოსანი იქნება აღბეჭდილი“, - წერს ვასილ ამაშუკელი, რომელიც იმ დროისათვის ტიხონ ასათიანთან მუშაობდა.

ვასილ ამაშუკელი იყო ამ ნამუშევრის რეჟისორიც, ოპერატორიცა და მემონტაჟეც. მან აკაკის მოგზაურობის გადაღებისას 1600 მეტრამდე კინოფირი დახარჯა. მოგზაურობის შემდეგ მან ფირი სოფიო ივანიცკაიას ლაბორატორიაში ჩააბარა გასამჟღავნებლად. ეს პროცედურა შეასრულა ივანიცკაიას თანამშრომელმა ალექსანდრე დიღმელოვმა მალე ამაშუკელს გადაუგზავნეს გამჟღავნებული კინომასალა. მონტაჟის შემდეგ კინოფირი 1600-დან 1200 მეტრი დარჩა.

პრემიერა რედაქტირება

ფილმის პრემიერა 1912 წლის 20 სექტემბერს ქუთაისში, კინოთეატრ „რადიუმში“ გაიმართა. პრემიერას დაესწრო დიდძალი ხალხი და მათ შორის აკაკი წერეთელიც, რომელიც კმაყოფილი დარჩენილა მაყურებლის სიმრავლით. ფილმის ჩვენება ერთი კვირის განმავლობაში ანშლაგით მიმდინარეობდა და კომერციულად მომგებიანიც აღმოჩნდა. მან კინოთეატრის მფლობელებს რამდენიმე ათასი მანეთის მოგება მოუტანა.

მოგვიანებით „აკაკის მოგზაურობა“ აჩვენეს თბილისში, ჭიათურაში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, პეტერბურგში, ბაქოში, სტამბოლში, ხარბინში.

მემკვიდრეობა რედაქტირება

ფილმს მაღალ შეფასებას აძლევდა ფრანგი კინომცოდნე ჟორჟ სადული, რომელიც წერდა: „რამდენადაც ვიცი, 1912 წლამდე, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი არც ერთი ცნობილი პიროვნებისადმი არ მიუძღვნიათ“.

ფირის ორიგინალი დაცულია გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივში კი 1954 წელს გადაღებული ასლი ინახება. კინორეჟისორ ნანა ჯანელიძის, კინომცოდნეების: მარინა კერესელიძისა და ნინო ნატროშვილის ინიციატივით 2010 წელს დასრულდა ფილმის აღდგენა და მისთვის სპეციალურად კომპოზიტორმა მიშა მდინარაძემ მუსიკა შექმნა. აღდგენილი კინოფილმის აღდგენილი ციფრული ასლი, პოზიტივი და ნეგატივი იმავე წელს საქართველოს ეროვნულ არქივს შესანახად გადაეცა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მახარაძე ი., „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება