ადრიანე და ნატალია

ადრიანე და ნატალიამართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიის წმინდანები, ხსენების დღე არის ძველი სტილით 26 აგვისტო, ახალი სტილით - 8 სექტემბერი.

ადრიანე და ნატალია

ცხოვრება რედაქტირება

წმინდა მოწამენი ადრიანე და ნატალია ახალგაზრდობაში შეუღლდნენ, წამებამდე სულ ერთი წლით ადრე. ისინი ბითვინიის ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. ღვთისმოძულე ხელისუფალმა დაიწყო რა ქრისტიანთა დევნა, ჯილდოები აღუთქვა ყველას, ვინც მათ გასცემდა და სამსჯავროზე წარადგენდა. დაიწყო დასმენები. ერთი მოენის ცნობით, ნიკომიდიის მახლობელ მღვიმეს შეხიზნული ოცდასამი ქრისტიანი შეიპყრეს. კერპთაყვანისცემაზე უარის თქმისთვის ისინი საშინლად აწამეს, შემდეგ კი სამსჯავრო პალატაში მიიყვანეს, რომ მათი ვინაობა დაედგინათ. აღმსარებელთა სიმტკიცით გაკვირვებულმა სამსჯავრო პალატის უფროსმა ადრიანემ მწერლებს მიმართა:

 
„„მეც ჩამწერეთ, რადგან ქრისტიანი ვარ და სიხარულით მოვკვდები ქრისტე ღმერთისთვის“.“

როცა მწერლებმა იმპერატორს მოახსენეს ამის შესახებ, მან თავისთან მოუხმო ერთგულ მოხელეს და უთხრა:

 
„–„ნუთუ შენც შეიშალე და თავის დაღუპვა გსურს? წადი, ამოშალე სიიდან შენი სახელი, პატიება სთხოვე ღმერთებს და მსხვერპლი შესწირე!“
წმიდა ადრიანემ კი უპასუხა:
–„მე კი არ შევშლილვარ, გონს მოვედი“.“

მაშინ მაქსიმიანემ ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ აღმსარებელი. როცა მარტვილის მეუღლემ, ნატალიამ შეიტყო, რომ მისმა ქმარმა ქრისტე აღიარა, სიხარულით აღივსო, რადგან თავადაც ფარული ქრისტიანი იყო. მან საპყრობილეში მოინახულა და გაამხნევა ადრიანე: „ნეტარ ხარ შენ, უფალო ჩემო, რამეთუ ირწმუნე ქრისტე. დიდი საუნჯე მოგიგია. ნუ დაგენანება ნურაფერი მიწიერი: სილამაზე, სიყმაწვილე და სიმდიდრე - ყველაფერი მტვერი და ნაცარია, უფალს კი მხოლოდ სარწმუნოება და კეთილი საქმეები სათნოეყოფა“. სხვა პყრობილთა თავდებით წმიდა ადრიანე საპყრობილიდან გაუშვეს, რომ მეუღლისთვის თავისი სიკვდილით დასჯის დღე შეეტყობინებინა. ნატალიამ იფიქრა, რომ იგი მაცხოვრის უარყოფის ფასად გაათავისუფლესო; მაგრამ ქრისტეს ტარიგმა დაარწმუნა, წამებას არ გავქცევივარ, ჩემი აღსასრულის დღე მინდა გაუწყოო.

წმინდა ადრიანე სასტიკად აწამეს. წმინდა ნატალია განამტკიცებდა ქმარს; ევედრებოდა, ღვთის წინაშე პირველი ლოცვა მისთვის აღევლინა. მტარვალმა ბრძანა, ადრიანესა და სხვა მსჯავრდებულებისთვის გრდემლზე ხელ-ფეხი გადაემსხვრიათ. უღმრთოებს სურდათ, დაეწვათ მათი ცხედრები, მაგრამ საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა და ღუმელში ცეცხლი ჩაქრა. ბევრი ჯალათი ემსხვერპლა მეხის ტეხას. მალე ლაშქრის ერთ-ერთმა ათასისთავმა იმპერატორისგან მომხიბლავ და მდიდარ ნატალიაზე დაქორწინების ნებართვა გამოითხოვა, მაგრამ ქვრივი ბიზანტიონში გაიხიზნა და მეუღლის წმინდა ცხედარიც თან წაასვენა. აქ მას ძილში წმინდა ადრიანე გამოეცხადა და აუწყა, რომ მალე მიიცვლებოდა. გადატანილი სატანჯველებით მოუძლურებული ქრისტეს ტარიგის სული, მართლაც, მალე შეივედრა უფალმა – იგი მეუღლის ცხედარს დააკვდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი III, თბილისი, 2001 წ.