ადვოკატი (ლათ. advocatus > advoco — ვიხმობ) — პირი, რომლის პროფესიაა იურიდიული დახმარება გაუწიოს მოქალაქეს ან სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაცია-დაწესებულებას.

ადვოკატი

ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეში გამოდის ბრალდებულისა და განსასჯელის დამცველად, ასევე დაზარალებულის წარმომადგენლად სამოქალაქო დავის განხილვისას იგი შეიძლება იყოს მოსარჩელის, მოპასუხისა და პროცესის სხვა მონაწილის წარმომადგენელი, ადვოკატის მოვალეობაა იურიდიული რჩევა-დარიგება მისცეს მოქალაქეებსა და ორგანიზაცია-დაწესებულებებს, შეუდგინოს მათ განცხადებები, საჩივრები, საქმიანი ქაღალდები, განუმარტოს სამართლებრივი საკითხები და ა. შ. მას უფლება არ აქვს გაამხილოს იმ პირის საიდუმლო, რომელსაც იურიდიულ დახმარებას უწევს. ადვოკატის გამოსვლა ბრალდებულის დამცველად ბრალდებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების უზრუნეელვოფის ძირითადი ფორმაა. ადვოკატთან შეთანხმებით მოქალაქე ხელშეკრულებას დებს იურიდიულ კონსულტაციასთან, რის შემდეგ ადვოკატი დაცვაზე უარს ვერ იტყვის. ადვოკატი პროცესის მონაწილეა და დამოუკიდებელი საპროცესო უფლებები აქვს. გამოძიების შედეგად მიღებულ მასალებს იგი აშუქებს ბრალდებულის ინტერესებიდან გავომდინარე. ადვოკატს შეუძლია ან სრულიად არ დაეთანხმოს ბრალდებას, ან დაეთანხმოს მის ამა თუ იმ ნაწილს, უფლება აქვს არ შეედავოს ბრალმდებელს არსებითად და მხოლოდ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი დაასაბუთოს. ადვოკატის ასეთი პოზიცია — ბრალდებისადმი დაპირისპირება, ხელს უწყობს სასამართლოს მიერ ჭეშმარიტების დადგენას და სამართლიანი განაჩენის გამოტანას.

თანამედროვე საქართველოს ადვოკატურის დასაწყისად 2001 წლის 20 ივნისი შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ადვოკატთა შესახებ“ და ამით საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, როგორც ერთიანი და დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას. ადვოკატთა ასოციაციის ფორმირების პროცესი 2005 წელს დასრულდა.[1]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ისტორია — საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ka. gba.ge. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2021