აბრსკილის მღვიმე[1] (აფხ. Абрскьыл иҳаԥы) — კარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე მოქვის აუზში, კოდორის ქედის სამხრეთ მთისწინეთში. წარმნოქმნილია ნეოგენური ასაკის კირქვებში. მღვიმის შესასვლელი დაშორებულია სოფელი ოტაფს 1,5 კმ, ზღვის დონიდან 260 მ.

მღვიმიდან გამოედინება მდინარე აჩყითიზიგო, რომელიც ერთვის მდინარე ოტაფს, მდ. მოქვის მარჯვენა შენაკადს. აბრსკილის მღვიმე 2 კმ სიგრძის მიწისქვეშა ხეობაა. აქ მრავალი მეანდრი და რამდენიმე ვრცელი დარბაზია (სიმაღლე 40 მ-მდე). დარბაზებში სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სვეტები, ფარდები და კირქვული ნაღვენთების მრავალი სხვა ფორმაა. სილამაზით ცნობილია „ფარდებიანი დარბაზი“, „მეანდრის დარბაზი“, „აბრსკილის დარბაზი“, სადაც გადმოცემით ვეება სტალაქტიტზე ლეგენდარული აბრსკილი იყო მიჯაჭვული. გვირაბის სიღრმეში მრავალი განშტოებაა. გვირაბისა და ამ განშტოებათა საერთო სიგრძე 3 კმ-მდეა. ზოგ დარბაზში დალექილია თიხის შრეები, შესასვლელიდან 360 მ მანძილზე იპოვეს მღვიმის დათვის ძვლები, მ. შ. თავის ქალა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მარუაშვილი ლ., დასავლეთ საქართველოს კარსტული ზოლის გეოგრაფიული და სპელეოლოგიური დახასიათების ცდა, «საქართველოს მღვიმეები და გამოქვაბულები», 1963, ტ.1;

სქოლიო რედაქტირება