აბიტურიუმი (ლათ. abituriens — წამსვლელი) — გერმანული გიმნაზიის ზედა საფეხურის დასრულება.

აბიტურის გამოცდამ უნდა აჩვენოს, თუ რამდენად შესძლო მოსწავლემ სკოლაში განვლილი საგნების წარმატებით ათვისება, რომელთა საფუძველზე მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას უმაღლეს სასწავლებლებში მეცნიერებათა და ხელოვნებათა დასაუფლებლად.

აბიტურიუმს გერმანულად ეწოდება [das Abitur] „აბიტურ“, ასევე მისი მოკლე გავრცელებული ფორმაა [das Abi] „აბი“.

გერმანულენოვანი სივრცის სხვა ქვეყნებსა და მხარეებში (ავსტრია, ლიხტენშტაინი, გერმანულენოვანი შვეიცარია, სამხრეთი ტიროლი) სიმწიფის ატესტატს აგრეთვე მატურას, ან „მატურიტეტის გამოცდას“ უწოდებენ.

ისტორია რედაქტირება

XVIII საუკუნის ევროპაში უნივერსიტეტები თავად ადგენდნენ სტუდენტთა მიღების წესებს. თავდაპირველად პრუსიაში 1788 წელს ე. წ. "აბიტურის რეგლამენტი"-ს მეშვეობით გახდა შესაძლებელი უმაღლეს სასწავლებელში შესვლის საყოველთაო წესების დადგენა; პრუსიის მაშინდელმა კულტურის მინისტრმა, კარლ აბრაამ ფონ ცედლიცმა (Karl Abraham von Zedlitz) ეკლესიის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მოახერხა სახელმწიფოს მასშტაბით შეემუშავებინა და დაენერგა საერთო საგანმანათლებლო სტანდარტი.

საერთო საგანმანათლებლო წესის შემოღება უკავშირება იოჰან ჰაინრიხ ლუდვიგ მაიეროტოს (Johann Heinrich Ludwig Meierotto) სახელს, მან ჰირშფელდის ლიცეუმში 1776 წელს პირველმა შემოიღო სკოლის დასრულებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული გამოცდა, რომელზედაც მოსწავლეები უნდა შეემოწმებინათ იმაში, თუ რამდენად იყვნენ ისინი მომზადებული უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად. სწორედ აქედან მომდინარეობს სახელი „სიმწიფის ატესტატი“. „სიმწიფის ატესტატი“, ანუ „აბიტურიუმი“, ანუ „მატურა“.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 29.
  • (გერმანული) Wolter, Andrä, Das Abitur: Eine bildungssoziologische Untersuchung zur Entstehung und Funktion der Reifeprüfung, Oldenburg: Holzberg, 1987
  • (გერმანული) Arbeitsgruppe Bildungsbericht am Max-Planck-Institut für Bildungsforschung (Kai S. Cortina u. a.): Das Bildungswesen in der BRD. Strukturen und Entwicklungen im Überblick. Reinbek: rororo 2003