აბელ (ბალო) მაყაშვილი (დ. 1860 – გ .1920) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, საქართველოს არმიის გენერალი.

აბელ მაყაშვილი
მეტსახელი ბალო
დაბადების თარიღი 6 ივნისი, 1860
დაბადების ადგილი სოფელი იყალთო, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1920
გარდაცვალების ადგილი საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ჯარის სახეობა ქვეითი ჯარი
წოდება გენერალ-მაიორი
ბრძოლები/ომები
ჯილდოები
  • წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი (1899)
  • წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი (1906)
  • წმინდა ვლადიმირის მე-3 ხარისხის ორდენი (1910)
  • წმინდა ვლადიმირის მე-4 ხარისხის ორდენი (1910)
  • წმინდა სტანისლავის I-ი ხარისხის ორდენი (1917)

ბიოგრაფია რედაქტირება

აბელ გაბრიელის ძე მაყაშვილი დაიბადა 1860 წლის 6 ივნისს კახეთის სოფელ იყალთოში, ოფიცრის ოჯახში. აბელმა საფუძვლიანი სამხედრო განათლება მიიღო. თავდაპირველად უფროსი ძმის, ვლადიმერის კვალს გაჰყვა და თბილისის კადეტთა კორპუსში შევიდა. შემდეგ სწავლა რუსეთში გააგრძელა. დაამთავრა ელიზავეტგრადის სამხედრო პროგიმნაზია (1877 წ.), ყაზანის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (1880 წ.) და ოფიცერ მსროლელთა სკოლა.

17 წლის ასაკიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე ბალო მაყაშვილი ჯარისკაცის ცხოვრებით ცხოვრობდა. იგი 1877 წლიდან ჩადგა რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში. ახალგაზრდა ოფიცერი ჯერ ახალციხეში მდგარ თენგინის პოლკში მსახურობდა, 1880 წლიდან კი იმყოფებოდა 164-ე ზაქათალას ქვეით პოლკში, მეთაურობდა ასეულს და ბატალიონს. აბელ მაყაშვილის სამხედრო კარიერა ფრიად წარმატებული აღმოჩნდა: პრაპორშიკი (30.11.1880), პოდპორუჩიკი (17.12.1881), პორუჩიკი (24.08.1886), შტაბს-კაპიტანი (15.03.1890), კაპიტანი (15.03.1895), პოდპოლკოვნიკი (26.02. 1905).

1909 -1914 წლებში ბალო მაყაშვილი პოდპოლკოვნიკის წოდებით მსახურობდა 185-ე ბაშკადიკლარის სარეზერვო ბატალიონის მეთაურის თანაშემწედ, შემდეგ მეთაურად; 1910 წლიდან ბაშკადიკლარის ქვეითთა პოლკს ხელმძღვანელობდა; 1910 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1914 წლის 25 ივნისს დაინიშნა გორის 202-ე ქვეითი პოლკის მეთაურის დროებით მოვალეობის შემსრულებლად; 1914-1917 წლებში მსახურობდა მე-16 (სამეგრელოს) გრენადერთა პოლკის სარდლად. 1916 წლის 18 იანვრიდან გენერალ-მაიორია. 1917 წლის 26 აპრილიდან მეთაურობდა კავკასიის გრენადერთა დივიზიის 1-ლ ბრიგადას.

თავი გამოიჩინა რუსეთ-იაპონიის ომის დროს, ხოლო პირველი მსოფლიო ომის წლებში (1914-1918) თავის პოლკთან ერთად დასავლეთის ფრონტზე  მუდამ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა და მისი სიმამაცითა და გამჭრიახობით გაითქვა სახელი.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გენერალი მაყაშვილი თადარიგში გავიდა და ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 19181919 წლებში ირიცხებოდა ქართულ ჯარში, იყო ახალციხის გენერალ-გუბერნატორი და ტფილისის სამხედრო კომენდანტი.

ბალო მაყაშვილმა თავი გამოიჩინა თურქთა ჯარებისა და სერვერ-ბეგის რაზმების წინააღმდეგ ბრძოლებში, აგრეთვე, საქართველო-სომხეთის ომის დროს. 1919 წლის დასაწყისიდან გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან და ჩამოშორებულ იქნა აქტიურ სამხედრო სამსახურს.

1919-1920 წლებში გენერალ-მაიორი მაყაშვილი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიწვევით  მსახურობდა აზერბაიჯანის ჯარში. სამხედრო მინისტრის, არტილერიის გენერალ სამედ-ბეი მეხმანდაროვის ბრძანებით მიღებულ იქნა სამხედრო სამსახურში და დაინიშნა ჯერ 1-ი ქვეითი დივიზიის უფროსის თანაშემწედ (ხანკენდის გარნიზონის უფროსის მოვალეობის უფლებების შესრულებით), ხოლო მოგვიანებით მე-2 ქვეითი დივიზიის უფროსის თანაშემწედ. 1920 წლის მარტში იგი სათავეში ჩაუდგა განჯის სამხედრო სკოლას და დაინიშნა განჯის გამაგრებული რაიონის უფროსად. აზერბიაჯანისანის გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და კასპიის ზღვაში დაახრჩვეს.

აბელ მაყაშვილის შვილებიც სამხედროები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი, მაიორი ნიკოლოზ მაყაშვილი, მეთაურობდა ქართულ სამხედრო ავიაციას და დაიღუპა სავარჯიშო გაფრენის დროს 1920 წელს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 74-75, ISBN 978-9941-0-7386-1.
  • ჯავახიშვილი, ნიკო (2003), Грузины под Российским Флагом: Грузинские военные и государственные деятели на службе России в 1703-1917, გვ. 131. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება